- Home
- Rule of Law Lab
- ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს ავტორიტარული მიტაცება ღრმავდება. ანგარიში საერთაშორისო საზოგადოებას სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს ავტორიტარული მიტაცება ღრმავდება. ანგარიში საერთაშორისო საზოგადოებას სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
Read the press release in English
2025 წლის 3 სექტემბერი - ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართლის უზენაესობის ლაბორატორიამ და Gnomon Wise-მა, ქართულმა კვლევითმა ინსტიტუტმა, დღეს გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც ასახავს, როგორ განახორციელეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ - მმართველმა პარტიამ - ავტორიტარული კონტროლის კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სახალხო წინააღმდეგობის მიუხედავად.
ანგარიში სახელწოდებით „დემოკრატია ალყაში: საქართველოს ავტორიტარული მიტაცება“, რომელიც ამ სახის პირველი დოკუმენტია, ყოვლისმომცველად აღწერს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიულ ტაქტიკებსა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიტაცებას, მათში ავტორიტარული კონტროლის ჩასაშენებლად. ანგარიშის დასკვნის თანახმად, საქართველოში დემოკრატია კრიზისშია და ამ უკუსვლის შესაჩერებლად, საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს, მათ შორის, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესებისკენ.
„ეს ანგარიში ზედემიწევნით აღწერს საქართველოს დაცემას ავტორიტარიზმისკენ, მონიშნავს მისი ავტორიტარული რეჟიმის ცენტრალურ საყრდენებს და გვთავაზობს მიზნობრივ სტრატეგიებს, მისი შემდგომი ჩაშენების შესაჩერებლად“, - აღნიშნა დავით ზედელაშვილმა, ანგარიშის თანაავტორმა და საკონსტიტუციო სამართლის წამყვანმა იურისტმა კვლევით ინსტიტუტ Gnomon Wise-დან (საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისი).
„უფრო ფართო შინაარსით, ამ ანგარიშში მოთხრობილი ამბავი პერსონალისტური ძალაუფლების საფრთხეების შესახებ გაფრთხილებაა. როგორც საქართველოს შემთხვევა გვიჩვენებს, პერსონალისტური ძალაუფლება შეიძლება აღმოცენდეს საარჩევნო დემოკრატიაში, გამოიყენოს მისი სისტემური სისუსტეები კონტროლის კონსოლიდაციისთვის და საბოლოოდ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს ძირი შიგნიდან გამოუთხაროს. საქართველოს შემთხვევა ხაზს უსვამს პერსონალისტური ძალაუფლების დღის წესრიგთან ადრეული და გადამწყვეტი დაპირისპირების აუცილებლობას, სანამ ის სრულად მიიტაცებს სახელმწიფოსა და საზოგადოებას. საზოგადოების დაგვიანებული პასუხი ქმნის იმედგაცრუების რისკს, ახდენს ფართომასშტაბიანი რეპრესიის პროვოცირებას და ჩიხში შეჰყავს დემოკრატიის აღდგენისკენ მიმავალი გზები ქვეყნის შიგნით, რაც, თავის მხრივ, ზრდის გარე ჩარევის საჭიროებას.“
„საქართველო, რომელიც ერთ დროს რეგიონში დემოკრატიის ბასტიონად მიიჩნეოდა, ქართველი ხალხის ნების ღიად უგულებელყოფით, ავტორიტარულ მართვას ექვემდებარება, ექცევა ივანიშვილის რეჟიმის ქვეშ“, - თქვა ამრიტ სინგჰმა, ანგარიშის თანაავტორმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პრაქტიკის პროფესორმა და სამართლის უზენაესობის ლაბორატორიის აკადემიურმა დირექტორმა. „საერთაშორისო საზოგადოება ვერ დარჩება პასიური - საჭიროა სწრაფი და ძლიერი მოქმედება რათა დავუპირისპირდეთ რეჟიმისმიერ რეპრესიის ესკალაციას,“ - განაცხადა მან.
მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილის რეჟიმმა, ბოლო ათწლეულში, ავტორიტარული კონტროლის კონსოლიდაცია განახორციელეს. გასული წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებით მკვეთრი დემოკრატიული უკუსვლით, რომელსაც თან ახლდა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპის კავშირთან ინტეგრაციის პროცესის გაწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის მრავალი გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების სამ მეოთხედზე მეტი მხარს უჭერს ევროპის კავშირში გაწევრებას.
წარმოდგენილი ანგარიში დეტალურად აღწერს რეჟიმის მრავალმხრივ ავტორიტარულ სტრატეგიას და ყურადღებას ამახვილებს:
- საარჩევნო მანიპულაციაზე;
- სასამართლო ხელისუფლების მიტაცებაზე;
- პროკურატურის პოლიტიზებაზე;
- სახელმწიფო ინსტიტუტების იარაღად გამოყენებაზე;
- საჯარო სამსახურისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიტაცებაზე;
- ოპოზიციური პარტიებისა და ლიდერების მიზანში ამოღებაზე;
- პროტესტის ჩახშობაზე;
- სამოქალაქო საზოგადოებისა და ლგბტქი+ თემის მიზანში ამოღებაზე;
- დამოუკიდებელი მედიის პროპაგანდისტულით ჩანაცვლებაზე;
- აკადემიური თავისუფლების შეზღუდვაზე.
სინგჰმა დამატებით აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე ფართოდ დაიგმო „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ავტორიტარული მიტაცება, გლობალური პასუხი არასაკმარისია. ეს ანგარიში რეკომენდაციას უწევს უფრო ძლიერ, კოორდინირებულ საერთაშორისო საპასუხო ქმედებებს, რომლებიც გაზრდის რეჟიმისთვის რეპრესიების ფასს და მხარს დაუჭერს დემოკრატიის მედეგობას.“
რამდენადაც ავტორიტარიზმთან დაპირისპირებისთვის საქართველოში დარჩენილია მწირი შიდა საშუალებები, ანგარიში მოიცავს საკვანძო რეკომენდაციებს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროპის კავშირისა და წევრი სახელმწიფოების, ევროპის საბჭოსა და გაეროს ორგანოების მიმართ, თუ როგორ შეიძლება საქართველოში დემოკრატიის აღდგენა და გაძლიერება.
ანგარიშის სრულად გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:
###
სამართლის უზენაესობის ლაბორატორია (Rule of Law Lab at NYU Law) ნიუ-იორკის სამართლის სკოლასთან არსებული არაპარტიული ინსტიტუტია, რომელიც შეისწავლის და იყენებს სამართლებრივ მეთოდებს - სამართლებრივ კვლევას, დოკუმენტაციას, სამართალწარმოებასა და ადვოკატირებას, მსოფლიოში დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დასაცავად, ადგილობრივ პრაქტიკოსებთან და აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.law.nyu.edu/rule-law-lab
Gnomon Wise საქართველოს უნივერსიტეტთან (საქართველო, თბილისი) არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტია. მისი გუნდი აერთიანებს სხვადასხვა სფეროს კვალიფიციურ მკვლევრებს, რომლებიც იზიარებენ და იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://gnomonwise.org